გიგი თევზაძის ახალი წიგნის „კრიტიკული აზროვნების მეგზური“ პრეზენტაცია
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2020
5 დეკემბერს, 12:30 საათზე, სემიოტიკის მე-10 სამეცნიერო კონფერენციის პლენარულ სხდომაზე გიგი თევზაძის ახალი წიგნის „კრიტიკული აზროვნების მეგზური“ - პრეზენტაცია გაიმართება. წიგნს წარადგენს ავტორი. კრიტიკული აზროვნება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი უნარია. აზროვნების ამგვარი ტიპი როგორც მეთოდი, წარმატების საწინდარია თანამედროვე სამყაროს ნებისმიერ სფეროში: ბიზნესში, მეცნიერებაში, ხელოვნებასა თუ პოლიტიკაში.
თავის ახალ წიგნში გიგი თევზაძე კრიტიკული აზროვნების იმ ფორმების, მეთოდებისა და ნიმუშების შესახებ გვიამბობს, რომლებსაც ფილოსოფოსები საუკუნეების განმავლობაში მიმართავდნენ და რომლებიც გულისხმობს განსახილველი საგნიდან, ობიექტიდან გასვლას და საკუთარ თავზე, საგნებსა თუ მოვლენებზე გარედან დაკვირვებას. ავტორი თითქმის ყველა იმ მნიშვნელოვან ფილოსოფოსსა და მოაზროვნეს მიმოიხილავს (პლატონი, არისტოტელე, კანტი, ჰანა არენდტი...), რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ხვეწდნენ „გასვლისა და დაკვირვების“ გზებს. და ამ ფონზე გვიჩვენებს ფორმას, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს ფილოსოფია 21-ე საუკუნეში.
წიგნი გაფორმებულია ოთარ ყარალაშვილის ილუსტრაციებით.
რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა