ქრისტიანობისა და ლიბერალიზმის რთული ქორწინება - ლევან გიგინეიშვილი
სამშაბათი, 09 დეკემბერი, 2014
საჯარო ლექციების ციკლი ''ý-ღე კარი გამოწვევებს” 9 დეკემბერს (2014) წელს ლევან გიგინეიშვილის სტუმრობით დაიხურა. შეხვედრები ახალი სასწავლო წლიდან განახლდება, მანამდე კი სტუმარმა შემოგვთავაზა საჯარო ლექცია, რომელიც სპეციალურად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისათვის მოამზადა: „მოვალეობებიდან უფლებებამდე - ქრისტიანობისა და ლიბერალიზმის რთული ქორწინება''. ლევან გიგინეიშვილმა ფუნდამენტურ და ყოფით საკითხებზე, რელიგიურ დოგმებსა და ეკლესიის მიერ დანერგილ წესებზე, კანონიკურ წესრიგზე, ლიბერალიზმსა და თავისუფალი ადამიანის ნებაზე ისაუბრა. მისი თქმით, რეალურად არ არსებობს ქრისტიანობისა და ლიბერალიზმის დაპირისპირება, არსში ქრისტიანობა ლიბერალური რელიგიაა - ადამიანის თავისუფალი ნებისა და სინდისის რელიგია. ლექცია ანტიკური დროიდან დღემდე დაგროვილი ფილოსოფიური ნააზრევისა და ლიტერატურული ტექსტების მაგალითებს მოიცავდა. კაცობრიობა ხომ, როგორც ბავშვი, დროის სვლასთან ერთად, ზოგადსაკაცობრიო მონაპოვარის ხარჯზე იზრდება და ვითარდება, დღეს ჩვენ გვაქვს პლატონის, დეკარტეს, დოსტოევსკის თუ სხვათა გამოცდილებით გამდიდრებული კულტურა, რომელიც გვაძლევს უფრო ღრმად წასვლის, განვითარების ახალი ეტაპების მიღწევის საშუალებას.
"თეოლოგიზებული პოლიტიკა ყალბია... ბედნიერება არის ჭეშმარიტების შეცნობა და კეთება... წმინდა (ღვთიური ნაწილი) თავად უნდა აღმოაჩინო საკუთარ თავში... თავისუფლება რაღაცისგან ანუ მხოლოდ პრივატულ სივრცეზე ზრუნვა არის ნეგატიური თავისუფლება... ნებადართულია ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო"- ამ თემებზე საუბრის პარალელურად ლევან გიგინეიშვილმა ლექციაზე მსუბუქი იუმორიც შემოიტანა და სახალისო ინგლისური გამონათქვამი გაიხსენა: "კარგი ადამიანი ოცნებობს იმაზე, რასაც ცუდი ადამიანი აკეთებს."
მსჯელობა დემოკრატიულ წყობასაც შეეხო, რომელიც თავის თავში შეიცავს საფრთხეს უმრავლესობის პრიმატმა დაჩაგროს პიროვნება, პიროვნება კი მარადიული, წმიდათაწმიდა ფასეულობაა.
აუდიტორია აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში. კითხვები ý-ს სტუდენტებსა და თანამშრომლებთან ერთად სხვა დამსწრეებმაც დასვეს. შეხედულებები და მიდგომები განსხვავებული იყო, თუმცა განსხვავებული აზრის პატივისცემა - ყველასთვის მისაღები. საღამო ვოლტერის სიტყვებით დასრულდა: „მე არ ვეთანხმები შენს აზრს, მაგრამ მზად ვარ მოვკვდე, რომ შენ მისი გამოთქმის თავისუფლება გქონდეს.''