ý-ს საჯარო ლექციების ციკლი „ý-ღე კარი გამოწვევებს'' ბოლო დროს ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ ფაქტებს გამოეხმაურა. ამ პრობლემაზე ý-ში გენდერის საკითხთა ექსპერტმა ეკატერინე აღდგომელაშვილმა და მწერალმა ლაშა ბუღაძემ ისაუბრეს. მათ ქართულ საზოგადოებაში ძალადობის სისტემური ხასიათის, ქალის სტერეოტიპული როლის, პატრიარქალური კულტურის, ეკონომიკური უთანასწორობისა და ამ ყველაფრის შედეგად მიღებული ფემიციდის მიზეზებზე მრავალი კუთხით იმსჯელეს. პრობლემის სათავის ძიება კი ისევ ჩვენში, ჩვენს კულტურაში, რელიგიის აღქმასა და ფასეულობათა სისტემაში მიმდინარეობდა. საინტერესო იყო მოვლენების სხვადასხვა მაგალითის, სტატისტიკის გათვალისწინებით განხილვა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც საქართველოში მთავარი ფასეულობის გამოვლენას ემხაურებოდა, რელიგიურ მრწამსსა და ეროვნულ იდენტობაზე მაღლა ადამიანთა უმრავლესობამ ოჯახი დააყენა. ოჯახის ინსტიტუტის სიძლიერე, რაც თავისთავად პოზიტიური მოვლენაა, განაპირობებს შიდა ოჯახური ამბების ოჯახში შენახვას და ოჯახის ნებისმიერ ფასად შენარჩუნებას, თუნდაც საქმე ძალადობას ეხებოდეს. საჯარო ლექციის ფარგლებში კიდევ ერთხელ გაანალიზდა ის ფაქტი, რომ საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციის დეფიციტი, ასევე დაუცველობის საფუძვლიანი განცდა და მსხვერპლის როლთან შეგუება, აზარალებს არა მხოლოდ მსხვერპლს, არამედ ქმნის სისტემას, რომელიც ძალადობის ნორმალიზებას ემსახურება.
მწერალმა ლაშა ბუღაძემ ოცდახუთი საუკუნის წინანდელი შედევრი ,,ლისისტრატე” გაიხსენა, სადაც არისტოფანემ ქალის მიერ ომის შეჩერების ჭკვიანური გზა აღწერა: კაცების უაზრო ბრძოლებით, თვითდამკვიდრების აბსურდული და სასტიკი მეთოდებით გადაღლილი ათენელი ქალები უარს იტყვიან ქმრებთან სარეცელის გაყოფაზე მანამ, სანამ ისინი ომებს არ დაასრულებენ. ექსპერიმენტი შედგება - ათენში ნანატრი მშვიდობა დამყარდება და ბრძენი ქალებიც ლიდერებად იქცევიან. ლაშა ბუღაძის თქმით, შემთხვევითი არაა, რომ ,,ლისისტრატეს” ყველაზე ხშირად სწორედ ტოტალიტალური, მილიტარისტულ-მასკულინური დიქტატორული რეჟიმები კრძალავდნენ, ერთი მხრივ, ამ პიესის პაცეფიზმის, მეორე მხრივ კი ქალის გადამწყვეტი როლის გამო საზოგადოებაში.
თემის აქტუალობისა და დიდი ინტერესის გამო ý-ს საჯარო ლექცია თითქმის 3 საათს გაგრძელდა. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ სტუდენტები და შეხვედრის სხვა დამსწრეები. დისკუსია, მონაწილეთა შეფასებით, სასარგებლო და დამაფიქრებელი გამოდგა.